პროტესტანტული ეკლესიები
საღვთო წერილის ტექსტისადმი თავისუფალმა მიდგომამ პროტესტანტულ ეკლესიათა ატომიზაცია ანუ დაშლადანაწილება გამოიწვია. სხვადასხვა მენტალიტეტისა და ბუნებაგანწყობილების ადამიანები ბიბლიის ერთსა და იმავე მონაკვეთს ხშირად სხვადასხვანაირად აღიქვამენ, რაც, როგორც წესი, ახალახალ თეორიულ თვალსაზრისებს აღმოაცენებს. ამ ფაქტმა კი, თავის მხრივ, ახალი დენომინაციების წარმოშობა განაპირობა.
დამაარსებელთა სახელების მიხედვით - ლუთერისეულ (ლუთერანობა), ცვინგლისეულ (ცვინგლიანობა), კალვინისეულ (კალვინიზმი) ეკლესიებს მალე სხვა სახელწოდების, თეორიისა და პრაქტიკის ეკლესიები (დენომინაციები) მიემატნენ. კერძოდ: 1. ანაბაპტისტები (1521 წ., გერმანია. დამაარსებელია მემაუდე ნიკოლოზ შტორხი და თომას მიუნცერი), 2. მენონისტები (1536 წ., დამაარსებელი მღვდელი მენო სიმონსი), 3. ზომიერი ანაბაპტისტები (რომლებიც ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას ქადაგებენ), 4. ბაპტისტები (იხ. ბაპტიზმი), 5. კვაკერები (იხ. მეგობართა საზოგადოება), 6. მეთოდისტები (1729 წ., ინგლისი; ქადაგებენ საეკლესიო წესების თანმიმდევრულად, მეთოდურად, პედანტურად დაცვას), 7. ხსნის არმია (იხ. ხსნის არმია), 8. ახალი სამოციქულო ეკლესია (იხ. ახალსამოციქულო ეკლესია) და სხვ. ამ მიმართულებათა ფორმირება „რელიგიური აღორძინების“ (რივაილიზმის) ნიშნით მიმდინარეობდა და ადრეულ ქრისტიანობასთან დაბრუნების მოწოდებას შეიცავდა.
დენომინაციები, რომელთაც ახალპროტესტანტულ ეკლესიებს უწოდებენ, ლუთერის, კალვინისა და ცვინგლის აღმსარებლობას ბევრ საკითხში დაუპირისპირდნენ. ეს პირველ ყოვლისა, ბავშვთა ნათლობასა და სახელმწიფოში ეკლესიის ადგილის განსაზღვრაზე ითქმის. ახალპროტესტანტები ბავშვებს არ ნათლავენ და ეკლესიის სახელმწიფოსთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ახალპროტესტანტული ეკლესიები ძველი, ლიტურგიკული პროტესტანტიზმისგან თავისუფალი ქადაგებისა და აქტიური მისიონერული მოღვაწეობისადმი განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევიან. ამის მიუხედავად, მათ ანგლიკანობასა და ტრადიციულ პროტესტანტობასთან ბევრი საერთო აქვთ. ესაა: საღვთო წერილისადმი ერთნაირი მიდგომა, მისი ავტორიტეტად აღიარება, მაგრამ ავტორიტეტის გარეშე ინტერპრეტაცია; სარწმუნოების ძველი სიმბოლოების ერთგულება, ერთარსებასამების რწმენა, ეკუმენურ ორგანიზაციებსა და ფორუმებში მონაწილეობა და ა.შ. ახალპროტესტანტობას XIX-XX საუკუნეებში ულტრაპროტესტანტული ეკლესიების აღმოცენება მოჰყვა (ორმოცდაათიანელები, ქარიზმატული მოძრაობა), რომლის იქითაც, შეიძლება ითქვას, არის ზღვარი, სადაც პროტესტანტობა მთავრდება. პროტესტანტული ეკლესიების სიახლოვეს ე.წ. პარაქრისტიანული ეკლესიები მოიაზრებიან, რომელთა შორის არიან იეჰოვას მოწმეები, გაერთიანების ეკლესია (მუნიტები), უკანასკნელ დღეთა წმიდანების ეკლესია (მორმონები) და სხვ.
თანამედროვე პროტესტანტიზმში განსაკუთრებული მოვლენაა ე.წ. გაერთიანებული ეკლესიები, რომლებიც რამდენიმე განსხვავებული მიმდინარეობის პროტესტანტული ეკლესიის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ასეთებია ევანგელური ეკლესია გერმანიაში (ლუთერანები+რეფორმატორები), კანადის ეკლესიის გაერთიანება (მეთოდისტები+პრესვიტერიანელები+კონგრეგაციონალისტები), ქრისტეს ეკლესიის გაერთიანება აშშში (კონგრეგაციონალისტები+რეფორმატორები), ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია (მეთოდისტები+პრესვიტერიანელები+კონგრეგაციონალისტები) და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტული ეკლესიების დიდი უმრავლესობა სრულიად დამოუკიდებელია ეროვნულ (და არც ისე იშვიათად ადგილობრივ) დონეზე, XIX-XX საუკუნეებში შეიქმნა მთელი რიგი საერთაშორისო გაერთიანებები, რომლებმაც ერთმანეთთან დააკავშირეს მონათესავე პროტესტანტული დენომინაციები: ლამბეტის კონფერენცია (1867 წ.), რეფორმატორული ეკლესიის მსოფლიო ალიანსი (1875 წ.), რომელსაც, მას შემდეგ, რაც მას 1970 წელს კონგრეგაციონალისტები მიუერთდნენ, სახელი შეეცვალა და მსოფლიო რეფორმატორული ეკლესიების ალიანსი ეწოდა (პრესვიტერიანელებისა და კონგრეგაციონალისტებისა), მსოფლიო მეთოდისტური კრება (1881წ., 1951 წ-მდე მსოფლიოს მეთოდისტური კონფერენცია), ბაპტისტების მსოფლიო კავშირი (1905 წ.), მენონისტების მსოფლიო კონფერენცია (1925 წ.), ქრისტეს ეკლესიის მსოფლიო კონვენცია (შეიქმნა 1930 წელს „ქრისტეს მოწაფეების“ მიერ), კვაკერების (მეგობრების) მსოფლიო საკონსულტაციო კომიტეტი (1937 წ.), მსოფლიო ლუთერანული ფედერაცია (1947 წ.), მსოფლიო ორმოცდაათიანელთა კონფერენცია (1947 წ.). ზემოთჩამოთვლილი გაერთიანებები მხოლოდ საკონსულტაციო მიზნით შეიქმნა, ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად და ასევე ერთმანეთის მხარდასაჭერად. ამ გაერთიანებებში არ შედის პროტესტანტიზმის ყველა მიმდინარეობა.
საყოველთაო მღვდლობის პრინციპი
პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობას სწამს, რომ ყოველ ქრისტიანს, რაკიღა იგი გამორჩეულია იმით, რომ მონათლულია, თვითონ შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა, შუამავლების - ინსტიტუციონალური ეკლესიისა და მღვდლის - გარეშე, მეტიც, აქვს ქადაგებისა და ღვთისმსახურების უფლება. ამით პროტესტანტიზმში ქრება ეკლესიოლოგიური სხვაობა სასულიერო და საერო პირებს შორის და მარტივდება საეკლესიო იერარქია. აღსარება და ცოდვის მიტევება საიდუმლოდ არ მიიჩნევა, თუმცა უშუალოდ ღვთის წინაშე სინანულის აქტს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. ცელიბატი ან, პირიქით, სავალდებულო ქორწინება მღვდლებისა და პასტორებისთვის რეგლამენტირებული არ არის. პროტესტანტიზმმა უარყო აგრეთვე იერარქიული ავტორიტეტი და მონაზვნობა, როგორც სულის ხსნის განსაკუთრებული გზა. შედეგად ეკლესიების უმრავლესობამ საყოველთაო მღვდლობის პრინციპი აღიარა, რითაც საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას ჩაუყარა საფუძველი (სასულიერო და სამღვდელო პირების თანასწორობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.). თუმცა იერარქია, თუნდაც გარკვეული სათემო წესრიგის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ სახით (ფორმალურად თუ არაფორმალურად) მაინც შენარჩუნებულია. მღვდლები და პასტორები, როგორც წესი, გადიან პროფესიულ მომზადებას. ზოგან მონასტრების არსებობაც დაშვებულია კომუნების სახით.
პროტესტანტულ ეკლესიებს საეკლესიო მოწყობის სამი ძირითადი ფორმა აქვთ: ეპისკოპალური (როდესაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე მცხოვრები საეკლესიო საზოგადოების წევრები ეპისკოპოსის მიერ იმართებიან), პრესვიტერიანული (ცალკეული, ერთმანეთთან ახლოს მყოფი ეკლესიები ქმნიან ერთობას, პრესვიტერიას, რომელსაც აქვს უფლება ამ ერთობაზე გარკვეული კონტროლი იქონიოს) და კონგრეგაციონალისტური (თითოეული საეკლესიო ერთობა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელია). ერთმანეთისგან განსხვავებული საეკლესიო მოწყობის მიუხედავად, თანამედროვე პროტესტანტულ კონფესიებს, ჩვეულებრივ, ნაციონალურ დონეზე აქვთ რაიმე გაერთიანება, თუმცა ამ ორგანიზაციების როლი განსხვავებულია: ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს, ზოგს კი მხოლოდ საკონსულტაციო და ინფორმაციული ფუნქციები აქვს.
მსახურება
პროტესტანტიზმმა შეამცირა საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვი და შვიდიდან ორამდე დაიყვანა - დატოვა მხოლოდ ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, პროტესტანტები გარდაცვლილთა სულებისათვის მეოხებისა და ასევე წმიდანებისადმი ლოცვის პრაქტიკასაც არ იზიარებენ, არ მართავენ მათ საპატივცემულოდ საეკლესიო დღესასწაულებს. ამავე დროს წმიდანი შეიძლება მისაბაძი გახდეს, როგორც ნიმუში მართალი ცხოვრებისა. პროტესტანტული ეკლესიები უარყოფენ წმიდა ნაწილების თაყვანისცემას, როგორც საღვთო წერილთან შეუსაბამო მოვლენას. ხატისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია - სრული უარყოფით დაწყებული დამთავრებული მოსაზრებით, რომ ხატის თაყვანისცემა ქრისტეს პირველხატის პატივისცემასთან არის დაკავშირებული.
ღვთისმსახურების პრაქტიკა პროტესტანტულ ეკლესიებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანთან შეინიშნება სწრაფვა ლიტურგიკული მხარის შეკვეცაზე, აქცენტი ქადაგებასა და წმინდა წერილის კითხვაზე კეთდება. თუმცა ეს ტენდენცია პროტესტანტებს შორის თანაბრად არ შეინიშნება მაგალითად, თუ ანგლიკანურ და ლუთერანულ ეკლესიებში კათოლიკური მესის მსგავსი მსახურება, თუმცა ძალიან გამარტივებული ფორმით, მაგრამ მაინც აღესრულება, კვაკერებმა და ხსნის არმიამ საერთოდ უარყვეს ნებისმიერი სახის ტრადიციული მსახურება.
პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადადაა მოწყობილი (ქანდაკებებისა და ხატების გარეშე), რაც თვითმიზანს არ წარმოადგენს - უბრალოდ, მიიჩნევა, რომ „დეკორაცია“ აუცილებელი არ არის. ეკლესია შესაძლებელია განთავსებული იყოს ნებისმიერ შენობაში, რომელსაც ქირაობენ ან იძენენ იმავე პირობით, რა პირობითაც საერო ორგანიზაციები ქირაობენ და იძენენ ოფისს. პროტესტანტები ღვთისმსახურებას, რაც ძირითადად ქადაგების, ფსალმუნთა კითხვისა და გალობისაგან შედგება, ნაციონალურ ენაზე ასრულებენ. ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად, ლუთერანული, გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ზიარებას, რომლის მისაღებად კონფირმაცია მოითხოვება. ძირითადად სახარებისეულ დღესასწაულებს აღნიშნავენ: შობას, აღდგომას, სულთმოფენობასა და სხვ.
თეოლოგია
პროტესტანტული ღვთისმეტყველების საბოლოო ფორმირება XVII საუკუნეში მოხდა და იგი შემდეგი დოკუმენტებითაა გადმოცემული: 1563 წლის ჰაიდელბერგის კატეხიზმოთი, 1580 წლის თანხმობის წიგნით, 1618-1619 წლების დორტის სინოდის კანონითა და 1633-1649 წლების ვესტმისტერული რწმენის დოქტრინით.
პროტესტანტულმა ღვთისმეტყველებამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა, მათგან ძირითადია: 1. XVI საუკუნის ორთოდოქსული თეოლოგია (ლუთერი, კალვინი, მელანქტონი, ცვინგლი), 2. XVIII-XIX საუკუნეების ლიბერალური თეოლოგია (შლაიერმახერი, ტროლჩი, ჰარნაკი), 3. პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოშობილი „კრიზისის თეოლოგია“ ანუ დიალექტიკური თეოლოგია (კ. ბარტი, პ. ტილიხი, რ. ბულტმანი), 4. მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელებული რადიკალური, ანუ „ახალი“ თეოლოგია (ბონჰიოფერი).
კლასიკური პროტესტანტული ღვთისმეტყველებისთვის დამახასიათებელია მკაცრი დამოკიდებულება ფუნდამენტური ეკლესიოლოგიური ასპექტების მიმართ, რაც მოიცავს რწმენის საკითხებს, საიდუმლოებებს, ხსნას, მოძღვრებას ეკლესიის შესახებ, მისთვის ნიშანდობლივია, აგრეთვე, საეკლესიო ცხოვრების გარეგნულ რიტუალურ მხარეებზე ყურადღების გამახვილება.
გვაინდელი მიმდინარეობები ხშირად საკუთარ დოქტრინებს ქმნიან, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან დაკავშირებული კლასიკურ საღვთისმეტყველო მემკვიდრეობასთან. მაგალითად, ადვენტისტები აღიარებენ ელენ უაითის წინასწარმეტყველებას. ორმოცდაათიანელები, ორთოდოქსი პროტესტანტი თეოლოგებისაგან განსხვავებით, ყურადღებას აქცევენ გლოსოლალიას (სხვადასხვა ენებზე მეტყველებას) და ამას სულიწმიდით ნათლობის ნიშნად მიიჩნევენ.
პროტესტანტიზმის გავრცელება
დღესდღეობით პროტესტანტიზმი ყველაზე მეტად გავრცელებულია სკანდინავიის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კანადასა და შვეიცარიაში. თანამედროვე პროტესტანტიზმის მსოფლიო კერად აშშს მიიჩნევენ, სადაც ბინა დაიდო ბაპტისტების, ადვენტისტებისა და სხვა პროტესტანტული ეკლესიებისა და დენომინაციების რელიგიურმა ცენტრებმა.
პროტესტანტიზმი ერთ-ერთი იმ აღმსარებლობათაგანია, რომელიც დღეს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 1520%, ჩილეს მოსახლეობის 1525%, გვატემალის მოსახლეობის ერთი მესამედი, სამხრეთ კორეის მოსახლეობის თითქმის ნახევარი პროტესტანტი გახდა. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში პროტესტანტული ქრისტიანობა შუა აზიაში მცხოვრებმა 500 ათასზე მეტმა მუსლიმმა მიიღო. დღეისათვის მსოფლიოში პროტესტანტების რაოდენობა 600 მილიონს აღწევს.
თანამედროვე პროტესტანტიზმს ინტეგრაციისაკენ სწრაფვა გამოარჩევს, რამაც თავისი გამოხატულება 1948 წელს შექმნილ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში პოვა (იხ. ეკუმენიზმი).